იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს . პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება.
მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ამნისტია არის კიდევ ერთი ჰუმანური აქტი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რითაც გამოირჩევა ჩვენი პარტია. კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე კანონად იქცევა და შეეხება პატიმრების გარკვეულ ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მიზნად აქვს აღებული ის რომ პატიმრების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, რა თქმა უნდა, აქაც არ გვიკვირს, რომ ისინი არ ერთვებიან არც ჰუმანურ აქტში, არც სამშობლოს ინტერესების დაცვის აქტში და ძალიან სამწუხაროა. ალბათ მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს და 26 ოქტომბერს გამოუტანს განაჩენს“, – მიიჩნევს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.