საქართველოს კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ „მთავარმა არხმა“ ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნება“ უმიზეზოდ უთხრა უარი საარჩევნო კლიპის განთავსებაზე. არხს მიაჩნია, რომ ვიდეოკლიპი სიძულვილის ენას ავრცელებდა და ეწინააღმდეგება რეკლამის შესახებ კანონს.
წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საერთო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს დაუთმოს სარეკლამო დრო უფასოდ, ვიდეორგოლის შინაარსზე ტელეარხი პასუხს არ აგებს.
მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში, რომლის განთავსებაზეც „მთავარმა არხმა“ უარი თქვა, ჩანან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმის მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.
ვოდეორგოლის მეორე ნაწილში ჩნდება პოლიტიკოსების ფოტოები, მათ შორის ჩანს ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარიაც, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს წლების განმავლობაში მინისტრისა და პრემიერის თანამდებობას იკავებდა – ამ ფოტოსურათების გამოჩენის დროს კლიპში ისმის – „უთხარი არა ბნელ წარსულს და აირჩიე საქართველოს ნათელი და ევროპული მომავალი“.
„[კომისიამ] მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეორგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა“, – წერია კომუნიკაციების კომისიის გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევათ ოქმი კომისიამ სასასმართლოს გადაუგზავნა. სასამართლოს გადასაწყვეტია, რა ტიპის სანქციას გამოიყენებს და გაათავისუფლებს თუ არა ტელეარხს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.