ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რას უყურებთ ისეთს, რაც არ ხდება ქვეყანაში ბუნებიდან გამომდინარე? შეიძლება მიწა მივაყაროთ ისე, რომ არაფერი დაშავდეს” – ვაყელები კვლავ დაზიანებული გზის აღდგენის მოლოდინში არიან

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში ერთ-ერთი დასახლება მეწყრული პროცესების გამო ორადაა გაყოფილი. გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც თითქმის ნახევარი მილიონი დაიხარჯა, დაზიანებულია და მის აღდგენას ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობს. მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.

მდინარე ჭერათხევის სანაპიროზე განხორციელებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 411 ათასი ლარია დახარჯული. ეს თანხა ხაშურის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ “საქართველოს სამშენებლო კომპანიას” გადაურიცხა.  ოპოზიცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე საუბრობს.

ვაყის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხაშურის საკრებულოში დავით მეტრეველმა, ვაყელებს გზის დაზიანებული მონაკვეთის მიწის მასით ამოვსება შესთავაზა, რაზეც ადგილობრივებისგან უარი მიიღო, მათი თქმით, პრობლემის ზედაპირული მოგვარება სამომავლოდ უფრო დიდ საფრთხეებს შექმნის.

“ყველაფერი კარგად მიდის, გასაკეთებელია და გაკეთდება. თქვენ რა იცით რა წაიყო წყალმა. ბუნებრივი მოვლენაა, მეწყერი მოიშალა. რას უყურებთ ისეთს, რაც არ ხდება ქვეყანაში ბუნებიდან გამომდინარე? სულ მალე დაიწყება მაგის აღდგენა და გაკეთება. შეიძლება მიწა მივაყაროთ ისე, რომ არაფერი დაშავდეს.” – განაცხადა მეტრეველმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაყაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება 3 დღის წინ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვითარებას სწავლობენ. შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობას მოგვიანებით ეცნობება.

 

იტვირთბა....