რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, დილის 11 საათიდან გაგრძელდება.
თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, ეს იქნება ბოლო განმწესრიგებელი სხდომა, რის შემდეგაც არსებითი განხილვა დაიწყება.
ხვალ მოსარჩელეების წინადადებით, ენათმეცნიერ მარინე ბერიძეს მოუსმენენ და მხარეები უპასუხებენ მოსამართლეების შეკითხვებს.
დღევანდელი სხდომის ბოლოს კი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება რაც “ოცნების” მიღებული კანონით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დაემუქრებათ. კერძოდ, მისი თქმით არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს სურთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ანონიმურად, რადგან არ აქვთ სახელმწიფოს ნდობა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება და არ გამჟღავნდება. ამ ყველაფერზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთ საქმეებს გრიფით საიდუმლო მიენიჭება.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციომ რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი გაერთიანებული სარჩელის განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო. მოსარჩლე პირები საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. ისინი საწყის ეტაპზე კანონის შეჩერებას, მთლიანობაში კი მის გაუქმებას ითხოვენ.