„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში თბილისში, პარტიის 8 დელეგატი წარადგინა.
დიდუბე-ჩუღურეთი – მოქმედი დეპუტატი, გიორგი ვოლსკი;
მთაწმინდა-კრწანისი – მოქმედი დეპუტატი, დავით კაჭარავა;
ვაკე – ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი;
საბურთალო – აკაკი ალადაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი;
გლდანი – ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი;
ისანი – ნიკა ელისაშვილი;
სამგორი – ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.
15 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ რეგიონებში „ოცნების” 22 დელეგატი წარადგინა.
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი განსაზღვროს 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. აღნიშნული ცვლილებს საარჩევნო კოდექსში მესამე მოსმენით 15 მაისს დაუჭირეს მხარი.
„დელეგატები” საარჩევნო სიაში მაჟორიტარის ალტერნატივაა – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება.
თუმცა, უცნობია, რა ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში ესა თუ ის დელეგატი და მოხვდება თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ოლქში მისი პარტია გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს დასახელებული დელეგატები პარტიის „გამსვლელ სიაში” იქნებიან.