ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულია მესამე მოქალაქეც – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. “სისხლის სამართლის საქმე” აღძრულია “უკანონო მიგრაციის ორგანიზების” ე.წ. “ბრალდებით” და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. “სასამართლოს” მიერ “მიესაჯა” 2- თვიანი “წინასწარი პატიმრობა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაო უკანონოდ დაკავებული პირების სასწრაფოდ გათავისუფლების მიზნით.
“საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს” ,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა “საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთში [დე ფაქტო] უკანონო მიგრაციის არხი ოფიციალურად დაწესებული საგუშაგოების გვერდის ავლით შეაჩერეს”.

2024 წლის 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში დააკავეს აფხაზეთის ტერიტორიაზე [დე ფაქტო] მცხოვრები ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც იქ ბინადრობის უფლება აქვთ – 1964 წელს დაბადებული რემიკო ჭითანავა  და 1967 წელს დაბადებული მურთაზ ჭითანავა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ისინი ხელს უწყობდნენ სხვებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვართან ახლოს მდებარე საცხოვრებლის გამოყენებით.

უწყების [დე ფაქტო] ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებლის შემოწმებისას აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა RGD 5,  1600 გრამი ტროტილი და 45 გრამი პლასტიდი, აგრეთვე, ტროტილის ბლოკი, სხვადასხვა ვაზნები და დოლარის კუპიურები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [დე ფაქტო] განცხადებითვე, მათმა თანამშრომლებმა ასევე დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც საქართველოსა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანია საზღვრის გადაკვეთაში რუსეთის მოქალაქეებს დიმიტრი დენისოვსა და ალექსანდრე ლუზენინს დაეხმარა – “ მანამდე კი რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით შევიდნენ.”

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ასევე აღნიშნავს საქართველოსა და თურქეთის კრიმინალური სტრუქტურების წევრების მიერ ტერიტორიაზე შეღწევის მიზნით სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის მცდელობების რაოდენობის ზრდას – “სახელმწიფო უსაფრთხოების ოპერატიულმა სამსახურებმა, აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან და აფხაზეთის რესპუბლიკის [დე ფაქტო] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატთან თანამშრომლობით, დააკავეს 13 პირი, რომელთა მიმართაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის არიან იორდანიის, თურქეთის, ალჟირისა და პალესტინის მოქალაქეები”.

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად.

იტვირთბა....