ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კურიერის, თემო სიგუას დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავეს

“გლოვოს” კურიერის, თემო სიგუას დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 37 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს.

ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, კურიერთან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა. კურიერს ბრალდებული ადანაშაულებდა, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე ძებნაში იყო.

პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაიწყო, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....