უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰეორჰი ტიხიმ პრესკონფერენციაზე კურსკში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ უკრაინის მიზანი უცხო ტერიტორიების მითვისებაში არ მდგომარეობს.
“უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის უცხო ტერიტორიების დაპყრობისკენ. უკრაინის მხარე არ არის დაინტერესებული კურსკის რეგიონის ტერიტორიების მითვისებით. ჩვენი მიზანი ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნებაა” – თქვა ტიხიმ.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან უკრაინის მიმართულებით 2000-ზე მეტი დარტყმა რუსეთმა კურსკისა და სუმის ტერიტორიებიდან განახორციელა.
“სამწუხაროდ, უკრაინას არ შეუძლია შორი დისტანციის იარაღის გამოყენება, რათა თავი დაიცვას, ამიტომ ჩნდება საჭიროება, გავათავისუფლოთ სასაზღვრო ტერიტორიები რუსეთის ჯარებისა და შეიარაღებული ძალებისგან, რომლებიც უკრაინას [ამ ტერიტორიებიდან] ესხმიან თავს” – თქვა პრესსპიკერმა.
ტიხიმ ასევე აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია უკრაინის ფრონტის ხაზსაც ეხმარება. მისი თქმით, ეს პრევენციული ზომაა რუსეთის მიერ დონეცკის რეგიონში დამატებითი სამხედრო ერთეულის გადასხმის წინააღმდეგ და ართულებს რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას.
“უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად ექვემდებარება ომის კანონებსა და წეს-ჩვეულებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. […]
ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო და ახლა საკმაოდ მართებულია, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება. რაც უფრო მალე დათანხმდება რუსეთი სამართლიანი მშვიდობის აღდგენას, მით უფრო მალე დამთავრდება უკრაინის სამხედრო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე. სანამ პუტინი აგრძელებს ომს, ის მიიღებს უკრაინისგან შესაბამის პასუხს” – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.