ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც შევარდნაძის პრესსამსახურის უფროსი იყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს საჯარო სამსახურის სხვა პირებთან შედარებით მაღალი ანაზღაურება აქვთ. მარეგულირებელ კომისიაში ხელფასებისა და პრემიების მაღალ ოდენობებს, უკავშირდება IDFI-ის რამდენიმე კვლევა. 2013 წელს იყო შემთხვევა, როდესაც პრემია კომისიის წევრებს თვეში ორჯერ ჩაერიცხათ ხელფასის 100% და 80%-ის ოდენობით. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ჩანს ბოლო დროს კომისიის გაზრდილმა შტატებმა გამოიწვია მათ შორის ისედაც მაღალი სახელფასო ფონდის კიდევ უფრო გაზრდა. კერძოდ, GNCC-ს 2015 წლის ბიუჯეტი 12,256,640 ლარია, საიდანაც კომისიის აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 5,152,000.00 ლარია გათვალისწინებული, რაც მილიონ 160 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით. 2014 წელს კომისიის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 3,892,000.00 ლარი იყო გამოყოფილი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში ასევე წერს, რომ კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს 3 კონსულტანტი, 2 მრჩეველი და 1 თანაშემწე ჰყავს. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ რეკომენდაციით მიმართა კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას, რომ ამხელა აპარატი კომისიის თავმჯდომარეს არ სჭირდება.
ვინ არის ვახტანგ აბაშიძე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა თვეში 15 000 ლარზე მეტს უხდის? ანუ, აბაშიძე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონა საქართველოში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ აბაშიძეს მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
1983-1986 წლებში გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ კორესპონდენტად მუშაობდა. 1992-1995 წლებში საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორი, ხოლო 1995-2000 წლებში აბაშიძე პრეზიდენტ ედვარდ შევარდნაძის პრესსამსახურის უფორსად მუშაობდა. შემდგომ მან მუშაობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თავმჯდომარის პოსტზე განაგრძო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი აბაშიძემ კარიერა კერძო სექტორში განაგრძო და 2005-2014 წლებში შპს „ოპტიმა მენეჯერის“ დირექტორის პოზიცია ეკავა.
რაც შეეხება აბაშიძის განათლებას, სამუშაო გამოცდილებისგან განსხვავებით მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე 1977-1983 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
„მეტრონომი“ აბაშიძის ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესდა. ქონებრივი დეკლარაცია ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს გასულ წელს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით აბაშიძეს აქვს ბინა თბილისში აბაშიძის ქუჩაზე 220კვ.მ ფართობით, სახლი წყნეთში 150 კვ.მ ფართობით. მიწის ნაკვეთი ასევე წყნეთში 1920 კვ.მ ფართობის. ის ნაწილობრივი მფლობელია თბილისში ერეკლე მეორის ქუჩაძე არსებული არასაცხოვრებელი ფართის.
აბაშიძეს აქვს აქტივები ბიზნესშიც. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ის არის შ.პ.ს „დეგაპრინტის+“ პარტნიორი, რომლისგანაც მან ერთი წლის მანძილზე 24 780 ლარი მიიღო. აბაშიძე ასევე პარტნიორია შპს „ოპტიმა მენეჯმენტის“ . კომპანიიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთი წლის მანძილზე 31670 ლარი შეადგინა. კომპანია „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან მიღებული წლიური შემოსავალი კი 35382 ლარია.
და ბოლოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომრის პოსტმა მისი წლიური შემოსავალი 190 963 ლარით გაზარდა.
რას საქმიანობს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ისეთს, რომ მის დირექტორს და კომისიის სხვა წევრებს ასეთი მაღალი ანაზღაურება აქვთ?
„კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:
– ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;
– გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება და კონკურენციის ხელშეწყობა;
– ხარისხიანი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სატელესაკომუნიკაციო მომსახურებათა მომხმარებლებათა ხელშეწყობა;
– თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
– მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საჯარო კონკურსის და სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამოცხადება. ასევე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის და სიხშირული რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემა. ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ლიცენზირება, ლიცენზიების და ნებართვების გაცემა, ამ სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება, ასევე ლიცენზიევის ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება მხოლოდ კომისიის პრეროგატივაა. კომისია, ამავე დროს ახორციელებს მონიტორინგს ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ ლიცენზიების პირობების შესრულებაზე. სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კომისია განიხილავს ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს შორის წარმოქმნილ დავებს, ასევე დავებს დარგის მოთამაშეებსა და მომხმარებელს შორის“. – ვკითხულობთ კომისიის ვებგვერდზე.