ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ორგანიზაციები ერთგვარ მახეში აღმოჩნდნენ“ – რა შედეგები მოჰყვება ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას

დღეიდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა. ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა ისაუბრა, დღეიდან ორგანიზაციებს წაერთვათ შესაძლებლობა, გადაეწყვიტათ, გააგრძელებენ თუ არა თავის საქმიანობას და ისინი ერთგვარ მახეში აღმოჩნდნენ.

„დღეს კანონი თითქმის მთლიანად იწყებს მოქმედებას, გარკვეული ნორმები ერთ თვეში ამოქმედდება.

დღეიდან ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი, როგორც ამას კანონი უწოდებს, უცხოური დაფინანასებიდან არის, ერთი თვის განმავლობაში რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ. სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროში, რომლის ფუნქციაც ერთ თვეში გააქტიურდება, მას მერე, რაც დასრულდება რეგისტრაციის ვადა. ამ შემთხვევაში საუბარია, ორგანიზაციების მიერ 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებზე. სწორედ გასული წლის ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე მოუწევთ პირველ ეტაპზე ორგანიზაციებს რეგისტრაცია. რაც შეეხება, კომპანიების წლევანდელ შემოსავლებს ასეთ შემთხვევაში მათ წლის ბოლომდე აქვთ რეგისტრაციის დრო,“ – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

იურისტის თქმით, ორგანიზაციამ საქმიანობის შეჩერება რომ გადაწყვიტოს, რეესტრში დარეგისტრირება მას მაინც მოუწევს.

„არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზაცია დღეს აჩერებს თუ არა საქმიანობას, თუ მათ გასულ წელს მიიღეს 20% და მეტი უცხოური დაფინანსება, ისინი ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ რეესტრში. კანონი მათ ამას ავალდებულებს. ორგანიზაციებს წაერთვათ შესაძლებლობა, გადაეწყვიტათ, გააგრძელებენ თუ არა საქმიანობას. გამოდის, რომ ერთგვარ მახეში აღმოჩნდნენ ასეთი კომპანიები,“ – აღნიშნავს ის.

სიმონიშვილის თქმით, რეგისტრაცია დღეს დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გამოცემული მინისტრის ბრძანება, რომელიც რეგისტრაციის საკითხს დაარეგულირებს. ნორმატიული აქტის გამოცემის ვადა, რომელიც რეგისტრაციის წესს დაადგენს, სამინისტროს დღის ბოლომდე აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც ფინანსური დეკლარაციის ფორმა არსებობს, ამიტომ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია.

იტვირთბა....