სისხლიანი გარჩევა შიდა ქართლში – გორის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ, მას თავის ქალის ძვლების მოტეხილობა აქვს და გორის ჰოსპიტალში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ინციდენტი სოფელ ატენში მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თანასოფლელი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი დაზიანებები თავის არეში, ბლაგვი საგნით მიაყენა.
31 წლის პოლიციელი უკვე დაკავებულია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.