“როგორც დიასპორაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია კავშირის შენარჩუნება, ქვეყანაში დაბრუნება და აქ, ადგილზე სწორედ აქაური კულტურის ახლოდან გაცნობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ისაუბრა, სადაც პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლში ქართველი ემიგრანტები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება, მიზნად ახალგაზრდების დაახლოებასა და მათ შორის ხიდების მშენებლობას ისახავს.
სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები დიასპორაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის კავშირის გამყარებისთვის.
”თუ ჩვენ, ძალიან მარტივად და ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე დღეს ხდება, მივანიჭებთ მოქალაქეობას, თუ ჩვენ გავხსნით საზღვრებს, უფრო მეტი პროგრამები და პროექტები იქნება იმისთვის, რომ სწორედ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და არამხოლოდ ფოლკლორსა და კულტურაში, არამედ სხვადასხვა მიმართულებასა, სხვადასხვა დარგში თანატოლებთან ერთად იმუშაონ და ისწავლონ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნება.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სპორტსმენებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე მონაწილები ქვეყნისთვის დიდი ძალაა და ისინი ქვეყნის კაპიტალს წარმოადგნენ.