აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მასობრივი თავდასხმები.
აშშ-ის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა მანიაკური მკვლელობების კულტს, რომელიც ქირაობდა სხვებს, რათა განეხორციელებინა სხვადასხვა დანაშაული მიმართული ეთნიკური უმცირესობებისა და ებრაელი თემის წინააღმდეგ.
განცხადებაში საუბარია, რომ ის ახალ წელზე გეგმავდა ებრაელი ბავშვების მოწამვლას და მათთვის სანტა კლაუსის ფორმით მოწამლული კანფეტების დარიგებას აპირებდა. უწყების ცნობით, ბრალდებული ცდილობდა დაექირავებინა სხვები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად, რათა გაეძლიერებინა მისი ნეონაცისტური იდეოლოგიები.
პროკურატურის თანახმად, ჩხიკვიშვილის მიზანი იყო, თავდასხმა 2011 წელს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტზე უფრო მასობრივი ყოფილიყო.