გაფიცვის მე-2 დღე – “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია. დასაქმებულები ხელმძღვანელობისგან ღირსეულ შრომით პირობებსა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. მათი თქმით, მუშაობა სტრესულ გარემოსა და ანტისანიტარიაში უწევთ, რაზეც კომპანიის მენეჯმენტს რეაგირება არ აქვს.
“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები. ძირითად მოთხოვნებთან ერთად ისინი კომპანიას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ მენეჯერები, რომლებიც გავრცელებულ ე.წ. “სქრინებში” მოხვდნენ და გაფიცულ თანამშრომლებს გარანტია მისცენ, რომ მათ აუცილებლად აღუდგებათ დასაქმებულების სტატუსი.
ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომლის თქმით, კომპანიას მათთან პირდაპირი კომუნიკაციის სურვილი ჯერ არ გამოუხატავს და რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი კომპანიას უფრო დააზარალებს.
გაფიცულებმა პროცესის დაწყებამდე კანონმდებლობით ყველა საჭირო პირობა შეასრულეს, მათ შორის 21 დღიანი მედიაცია და “ევოლუშენ ჯორჯიასა” და მინისტრს სამი დღით ადრე აცნობეს გაფიცვის თარიღი, დრო და თანამშრომლების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ კაზინო “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი გუშინ გაიფიცა.