ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“MEGOBARI ACT” შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რომელსაც აშშ, დიდი ხანია, ინარჩუნებს ქართველი ერის მიმართ” – აშშ-ში “MEGOBARI ACT-ს” კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან

ამერიკელმა კანონმდებლებმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ორპარტიულ “MEGOBARI ACT-ზე” იმსჯელეს. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, სხდომაზე აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქტის განხილვისთვის მან კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

“ორპარტიული “MEGOBARI ACT” არის ქართველი ერის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა არაკანონიერად მოახდინა, 2008 წლიდან, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ესენია – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს ჩაიდინა ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა. ეს არ იყო შთაგონებული რომელიმე სხვა ალიანსით. მე ვესტუმრე საქართველოში ქალაქ გორს. ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედაქალაქ თბილისში სტუმრობამ. რა არაჩვეულებრივი ხალხია იქ. ოთხი ვაჟი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობდნენ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ძალიან მამაცები იყვნენ. “MEGOBARI ACT” შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რომელსაც შეერთებული შტატები, დიდი ხანია, ინარჩუნებს ქართველი ერის მიმართ. ის ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის. ამავდროულად, ხაზს უსვამს პოზიტიურ ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობების მხრივ და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. კანონპროექტი ასევე შეიცავს დებულებებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი,” – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა.

სიტყვით გამოვიდა აქტის თანაავტორი კონგრესმენი ბილ კიტინგიც. კანონმდებლის განცხადებით, ქართველი ხალხი, თითქმის 30 წელია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, რასაც თავადაც მტკიცედ უჭერს მხარს.

“მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო “MEGOBARI ACT-ს,” რომელიც ჩემი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული “MEGOBARI ACT,” რომლის თანაავტორიც ვარ მე, ნათლად აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამავდროულად, ქართველი ხალხი, თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ მისწრაფებას და ვაფასებ, რომ კონგრესის საგარეო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს,” – აღნიშნა კონგრესმენმა, ბილ კიტინგმა.

კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ “MEGOBARI ACT-ს” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს, სავარაუდოდ, კენჭს უყრის.

იტვირთბა....