ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ინციდენტი სრულად იქნეს გამოძიებული” – თავდაცვის მინისტრი ავიაკატასტროფაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი გორში, კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა – მინისტრმა დაღუპული სამხედრო მფრინავის ოჯახსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.

ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ინციდენტის სრულყოფილად გამოძიების მიზნის ყველა ნაბიჯს გადადგამს.

“მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, ახლობლებს, რა თქმა უნდა, ოფიცრებს და ჯარისკაცებს. ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ძალიან დიდი ტკივილია, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან დიდი ტკივილია ის დანაკარგი, რომელიც გვაქვს თავდაცვის ძალებში. ეს ტრაგედია არის უმძიმესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი. მეორეს მხრივ, ვიტყვი იმასაც, რომ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები არის ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს” – ამბობს ჩიქოვანი.

ბოლნისში გარდაცვლილ სამხედრო მფრინავს დღეს დაკრძალავენ – კახა ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში უკვე გადაასვენეს.

ქალაქ გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც რიგითი მოქალაქეები, პილოტის მეგობრები და ნათესავები გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად მიდიან.

ცნობისთვის, ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე ჩამოვარდა.

ბოლნისის რაიონში, სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დოკუმენტაციაა ამოღებული. ამასთანავე, გამოიკითხა მოწმეები და მოხდა საფრენი აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება.

იტვირთბა....