გუშინ, 22 ივნისს საქართველო ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩი 1:1 დასრულდა, გერმანიაში კერძოდ ჰამბურგში საქართველოს დროშა და ჰიმნი კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიოს წინაშე.
პირველად ისტორიაში საქართველომ ნაკრებმა შეძლო ძლიერ მეტოქესთან ურთულეს ბრძოლაში ევროპის ჩემპიონატზე ქულის მოპოვება. შესანიშნავი გოლით ანგარიში კვლავ გიორგი მიქაუტაძემ გახსნა და საქართველოს პირველი ქულა მოუტანა.
ასევე, გიორგი მიქაუტაძე ამ გოლით ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან დიდი მუხტი შექმნა და გუშინდელ თამაშზე, რაოდენობრივად ჩეხებზე ბევრად მეტნი იყვნენ.
დაძაბული თამაშის მიმდინარეობისას ჩეხებისგან არაერთი ძლიერი შეტევა იყო, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის მიუხედავად, ქართველებსაც ბევრჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი და მათ არაერთხელ შეუტიეს ჩეხებს.
თამაშის ბოლოს, 95-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, რომელიც საბა ლობჟანიძემ ვერ გამოიყენა და მის მიერ დარტყმული ბურთი ჩეხების კარს აცდა.
საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად კიდევ ერთი რთული მატჩი დარჩა, რომელიც პორტუგალიის წინააღმდეგ 26 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პორტუგალია ჯგუფში ლიდერია და მას მარცხის შემთხვევაშიც არ შეექმნება პრობლემა ჯგუფიდან გასასვლელად, თუმცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება.
“მეტრონომი” შემდეგი თამაშიდანაც მოგაწვდით სიახლეებსა და განსაკუთრებულ მომენტებს.