ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველაზე დიდი მიწისძვრები, რაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა – რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?

ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?

ეს დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების მოძრაობასთან. კონკრეტულად კი იმასთან, რომ არაბეთის ფილა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ზუსტად ამ შეჯახების ზოლში ვიმყოფებით. თანამედროვე ტექნოლოგია დედამიწის ქერქის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა და სწორედ ამ მოძრაობის გამო ხდება დედამიწის ქერქის დეფორმაცია. მარტივად რომ წარმოიდგინოთ,

ხის ტოტი რომ მოხაროთ, ბოლო-ბოლო გადატყდება, დედამიწის ქერქიც ასეა, დეფორმაციას განიცდის, გარკვეულ დონემდე უძლებს, შემდეგ გატყდება და ეს არის მიწისძვრა.

1991 წელი – რაჭის მიწისძვრა:

1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე გრინვიჩის დროით მოხდა მიწისძვრა. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში – 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა.

მიწისძვრის ჰიპოცენტრი იყო ღრმაკეროვანი (17 კმ.) მისი ეფექტი დედამიწის ზედაპირზე 8-9 ბალით განისაზღვრა. მიწისძვრამ დააზიანა 46,000 შენობა. მსხვერპლი 114-270 ადამიანი იყო. ზარალი მაშინდელი კურსით 100 მლნ. მანეთს აჭარბებდა. განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე მეორდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს, ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდით 6.4.

გორის მიწისძვრა:

ძლიერი მიწისძვრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორში 1920 წლის 20 თებერვალს. მიწისძვრის ძალა შეადგენდა 6.2
დაიღუპა 114 ადამიანი. სერიოზულად დააზარალა გორის ციხე, ქვემო რიეთის ეკლესია, ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია და სხვა ძეგლები. დაინგრა გორის და რამდენიმე სოფლის შენობების 95%. დაშავებულთა რაოდენობამ 7118 ოჯახი შეადგინა.

გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი — 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სოფელი ხიდისთავი, სადაც ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში – 5 ბალს.

მიწისძვრა ჩხალთაში:

1963 წელს აფხაზეთში, სოფელ ჩხალთასთან მოხდა მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.2, ინტენსივობა კი 9 ბალი იყო. მიწისძვრისას სოფელში სახლები დაინგრა, მაგრამ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტაბაწყურის მიწისძვრა:

1940 წლის 7 მაისის ღამეს მიწისძვრა მოხდა ტაბაწყურთან. აღნიშნული ტბა ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. მიწისძვრის მაგნიტუდა 6.0, ბალი კი 8 იყო. დაიღუპა 35 ადამიანი.

ახალქალაქის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა თბილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში 1899 წლის 19 (31) დეკემბერს. მიწისძვრის ძალა შეადგენდა 6.3. დაიღუპა 247 ადამიანი.

იტვირთბა....