ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

Video: სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს და წერს:
“მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები.
ვუამბე რუსეთის საჰაერო ტერორის შესახებ, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ.
ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალას იყენებს ელეგტროენერგიის გენერაციის აღსადგენად.
მადლობას ვუხდი სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთად ვართ.
მადლობა მხარდაჭერისთვის.”

იტვირთბა....