ახალი ამბები

🎥”ქვეყნის პატრიოტი იყო, უნდოდა გმირობა და გახდა გმირი” – თბილისში უკრაინაში დაღუპულ ხვიჩა გვირჯიშვილს ემშვიდობებიან

თბილისში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ხვიჩა გვირჯიშვილის ემშვიდობებიან. ის სამშობლოში ორი დღის წინ ჩამოასვენეს. მებრძოლი უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე, ლიმანის ტყეში, აფეთქების დროს 3 ივნისს დაიღუპა.

ოჯახი ყვება, რომ გვირჯიშვილი პირველად 14 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში გაიპარა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ის ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა, მაგრამ ახლობლები ამბობენ, რომ 2022 წელს რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ვერ მოითმინა და ისევ მოხალისედ წავიდა ბრძოლაში.

ის თავდაპირველად “ქართული ლეგიონის” რიგებში ირიცხებოდა, შემდეგ კი “უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში” გადავიდა.

“ბოლო კონტაქტი გვქონდა როცა ის წავიდა გერმანიიდან, მე ვთვლიდი, რომ ოჯახი უნდა დაეყენებინა პირველ ადგილზე, მან კიდევ ჩათვალა, რომ სამშობლო იყო პირველი. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემიძლია ვთქვა რომ, ის იყო პატრიოტი ადამიანი თავისი ქვეყნის, მას უნდოდა გმირობა და გახდა გმირი. მე კიდევ მას ვპირდები, რომ გმირ ადამიანს გავუზრდი სასახელო შვილებს, მეტი არაფერი შემიძლია მისთვის”, – თქვა მეუღლემ, ქეთი გვირჯიშვილმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 67 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ხვიჩა გვირჯიშვილს ხვალ ახალციხეში გადაასვენებენ და მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

იტვირთბა....