რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი აპირებს, რომ ბათუმის მიმართულებით ფრენები კიდევ სამი რუსული ქალაქიდან დაიწყოს.
ახალი ქალაქი, რომლებიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება არის სოჭი, ყაზანი და უფა.
22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე დამატებულია სოჭი-ბათუმი-სოჭის რეისები. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. ასევე დაემატა ყაზანი-ბათუმი-ყაზანი, ბილეთები 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის შუალედში იყიდება. ეს ფრენები კვირაში მხოლოდ ერთი დღე შესრულდება. მესამე მიმართულება ბაშკირეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან, უფადან შესრულდება. უფა-ბათუმი-უფის ფრენები ჩანიშნულია 4 ივლისიდან 29 აგვისტომდე, კვირაში ერთხელ.
Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში, ალექსანდრ კრუტოვი დარწმუნებულია, რომ ახალ რეისებზე მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება.
Red Wings-ის მეშვეობით ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები უკვე რუსეთის 7 ქალაქიდან სრულდება.
Red Wings-ი აშშ-ს მიერ სანქცირებული კომპანიაა.
აქამდე, რამდენიმე დღის წინ რუსული ავიაკომპანია Азимут-ი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ივლისიდან მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებენ.
ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების შემოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა მათ საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.