საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და “ქართულ ოცნებას” საზოგადოების სურვილის გათვალისწინებისა და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
“შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილს და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ — წერია თეთრი სახლის განცხადებაში.