აქტუალური თემა პოლიტიკა

პაპუაშვილი ასახელებს თარიღს როდიდანაც “რუსული კანონი” ძალაში შევა

პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება.

იუსტიციის სამინისტრო ორ თვეში შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს, სექტემბრის დასაწყისიდან კი ორგანიზაციებს უცხო ძალის ინტერესის გამტართა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდებათ.

„დღეს მოვაწერე ხელი. ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება დარეგისტრირების და დეკლარირების 2023 წლის ფინანსების“, – განაცხადა მან.

ორგანიზაცების უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ აპირებენ, კანონს დაემორჩილონ.

კანონის მიხედვით, მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

იტვირთბა....