1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ტარდება. მაგრამ, როგორია ბავშვთა დაცვის დღე მაშინ, როდესაც საზოგადოებისა თუ სისტემის მიერ გაწირული ბავშვები სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებენ?!
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი, ბარბარე რაფალიანცი გარდაცვლილი იპოვნეს. დაღუპული ბავშვის ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში აღმოაჩინეს. ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური საქმე დღემდე გამოუძიებელია, თუმცა, როგორც გარდაცვლილი რაფალიანცის დედა აცხადებს, 10 თვის ბავშვის მკვლელობა პარტია “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, როცა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო გზა გამოიყენა, რათა მთავარი კონკურენტი – “ნაციონალური მოძრაობა” დაემარცხებინა. სწორედ ამ არჩევნებს უკავშირებს რაფალიანცის დედა შვილის სიკვდილს.
2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც 2 არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაც ცივი იარაღით სხეულის არეში არაერთი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებშები განზრახ მკლელობას გულისხმობს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დავით სარალიძისა და ლევამ დადუნაშვილის მკვლელობისთვის, გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძეს თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით მიუსაჯა. დაკავებებსა და განაჩენის გამოტანამდე კი მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახმა სამართლის პოვნამდე ურთულესი გზა გაიარა, რომელსაც საბოლოოდ ქუჩის უწყვეტი პროტესტითა და საზოგადოების დაუღალავი ჩართულობით მიაღწია.
2018 წლის 25 ოქტომბერს გორში დაკარგული 9 წლის გოგო, ნანა ბერიაშვილი მოკლული იპოვნეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. გამოიებამ დაადგინა, რომ მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობა და წამება განხორციელდა. აღნიშნულ საქმეზე 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე იქნა დაკავებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონი, რომელშიც ინახებოდა უმძიმესი კადრები – პატარა ნანიკოს მიმართ განხორციელებული ძალადობა მსჯავრდებულს გადაღებული და შენახული ჰქონდა.
“ამ ცხოვრების დედაც” – ეს სკოლის კედლებზე დაწერილი წარწერაა, რომელიც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში მოხდა. კედელზე გაკეთებული წარწერის, გამო არასრულწლოვანს დანაშაულის აღიარებას სამართალდამცველები სთოხვდნენ. როგორც გაირკვა, ლუკა სირაძე საგამოძიებო უწყების თანამშრომლების მხრიდან რამდენიმესაათიანი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, რის გამოც საბოლოოდ მოზარდმა თავი მოიკლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლით მიმდინარეობდა, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ცნო, რომელიც ახალგაზრდაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.
2022 წლის ოქტომბერში ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა. საქმეზე დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის დროს უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.
9 წლის მოზარდი, რომელიც მიმდინარე წლის 12 მარტს, ბათუმის ბულვარში ძლიერი ქარის მიერ გატაცებული ბატუტის გამო დაშავდა, გარდაიცვალა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოზარდი ბავშვის მკვლელობის საქმეზე ედუარდ აბრამიანი პატიმრობაში დატოვა. მას ბრალი დაუდევრობის გამო გამოწვეული ბავშვის სიკვდილისთვის აქვს წაყენებული.
2023 წლის მარტში 12 წლის ანი იანუშაიტეტი 16 მარტს, დიდ დიღომში მოკლული იპოვნეს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, მას სხეულის არეში 40-ამდე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. 12 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია სახელდება, თუმცა გაგუდვა გამოწვეული იყო თუ არა სხვა პირის მიერ ზემოქმედებით, გამოძიება ამაზე პასუხს ჯერ ისევ ვერ სცემს. თავად გარდაცვლილი ბავშვის დედას კი გამოძიების იმედი არ აქვს და თავად სურს იპოვოს სამართალი, რაშიც დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
2023 წლის მაისში გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულებით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, თავდაპირველად ოჯახის წევრებმა ბავშვი გორის საავადმყოფო “გორმედში” მიიყვანეს, მაგრამ ექიმების მხირდან სათანადო დახმარების არ გაწევის გამო, იგი თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში წაიყვანეს, თუმცა არაოპერატიულობისა და მოუწესრიგებელი სისტემის საფუძველზე, 4 წლის ბავშვი დედას ხელებში მაშინ ჩააკვდა, როდესაც ისინი ჯერ კიდევ რეანომობილით გზაში იყვნენ.
კიდევ უამრავი გახმაურებული მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიკვდილია, რომელმაც უამრავ ოჯახს პატარა სიცოცხლეები წაართვა. შემზარავია ასევე სტატისტიკა, რომელიც სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ითვლის. საზოგადოებისა და სისტემის მხრიდან დაუცველი ბავშვების ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის მცირე ჩამონათვალი ცდახყოფს, ხელისუფლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მაღალჩინოსნებისა და რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულებებსა თუ უმოქმედობას ქვეყანაში დამყარებული გაუმართავი სისტემის მიმართ, რასაც არაერთი მოზარდის სიცოცხლე ეწირება. არავინ იბრძვის ამ მანკიერების წინააღმდეგ, გუშინდელი თოვლივით ავიწყდება ყველას ყველაფერი და ყოველ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს ისე ზეიმობს, თითქოს ქვეყანაში ყველა პატარას უდარდელი ბავშვობა ჰქონდეს. ხვალ, ზეგ ან მაზეგ მორიგი ტრაგედია თუ დატრიალდება, არც ეს შეცვლის რამეს, ისევ მოინელებს საზოგადოება, პოლიტიკური სუბიექტები ისევ ეცდებიან, სათავისოდ გამოიყენონ ტრაგედია, ხელისუფლება კი ისევ ზღაპრებს მოგვახვევს თავზე, თითქოს სიცოცხლით სავსე ქალაქსა და ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კრიმინალის დონე ძალიან დაბალია და “უმადური ერი” ვერ აფასებს ამ სიკეთეს.