დღეს პარლამეტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი მოხსენებით გამოვიდა.
საგაზაფხულო სესია რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 28 წუთში დასრულდა, რადგან მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლა არც ფრაქციის თავმჯდომარემ და არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არ ისურვა.
მიხეილ ყაველაშვილმა მოხსენებაზე ისაუბრა როგორც ქვეყნის მშვიდობაზე, ასევე გარე ძალების მხრიდან ჩარევებზე და ეროვნულ პოლიტიკაზე. ასევე მის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტზე და განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ უხარია საზოგადოებას პატიმრების გათავისუფლება, რადგან ამით ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებსა და მეგობრებს.
„მინდა შევეხო ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ განხორციელებული შეწყალების აქტს. ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება” – თქვა ყაველაშვილმა.
გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და დასძინა, რომ “განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი.”
“ჩვენ განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”. – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სესიის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციას მართავდნენ და მზია ამაღლობელის და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.