29 მაისს საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მიზეზი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და რუსული კანონის ძალაში მიღებაა. ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმული 9 რეკომენდაციის შესრულების პირობით მიანიჭა, თუმცა კანონის განხილვის დაწყების დღიდან ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, რომ რუსული კანონი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ.
ეს ქმედებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს […].
ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაინიციირდა კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასობრივი პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანიას.
ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო კონტრზომებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
იტვირთბა....