ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული, საერთოდ არ იყოს მიღებული” – ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, “ექსპო ჯორჯიაში” იმყოფება, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ჰერჩინსკიმ მედიის კითხვებსაც უპასუხა და რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არ უნდა იქნას მიღებული.

ელჩი იმეორებს, რომ კანონი “ძალიან სერიოზული დაბრკოლება იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”.

მისი თქმით, ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და მზად არიან იმუშაონ ყველასთან, რომ კანონი ამჟამინდელი ფორმით არ იყოს მიღებული, რადგან “ამჟამინდელი სახით ის არ შეიცავს არც ევროკავშირის ნორმებს და არც ევროკავშირის ღირებულებებს”.

“გულწრფელად გიწვევთ ყველა მოქალაქეს, ოჯახებს ბავშვებთან ერთად, რომ ისიამოვნოთ პროგრამებით, რომელიც ევროკავშირმა თქვენთვის მოამზადა… ჩვენ გვინდა ეს დღეები ერთად აღვნიშნოთ, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას… გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა ნამდვილად არსებობს, ჩვენ მაინც მოვახერხებთ ნაბიჯების წინ გადადგმას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს დღეს მოვერიდო ნეგატიურ საკითხებზე საუბარს. […] ვიმედოვნებ მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ საქართველო წინ წავიდეს…როგორც ევროკავშირი ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმისთვის, რომ გამოვნახოთ გზა წინსვლისთვის. ბევრს ვმუშაობდით წინა მთავრობებთან ერთად, ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად და საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც ვიმუშავებთ დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულ ყველა მთავრობასთან.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირებში იქნება გზა ნაპოვნი რათა გადაიჭრას “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონოპროექტის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ უნდა იქნას მიღებული. არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით. და თუ მაინც იქნება მისი ამჟამინდელი ფორმით მიღებული, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული და საერთოდ არიყოს მიღებული. ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ვენეციის კომისია ადგენს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც კანონიერ საფუძვლებს ეფუძნება… მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, რომ ამჟამინდელი სახით ეს კანონი არ იქნეს მიღებული, რადგან ამჟამინდელი სახით ის არ შეიცავს არც ევროკავშირის ნორმებს და არც ევროკავშირის ღირებულებებს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

იტვირთბა....