ვინ გაიმეტა 70 წლის პენსიონერი ქალი სასიკვდილოდ და ვინ დაჭრა მისი ასაკოვანი ქმარი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა სწორედ დაჭრილ მამაკაცს შეუძლია, რომლის გადარჩენასაც ექიმები უკვე მეორე დღეა ცდილობენ. პენსიონერი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ბიძაშვილები ვართ. აბა რა გითხრათ. მეც ვარ 30 წლის წინ ნაყაჩაღები, მაგრამ გადავრჩი. ყაჩაღობა იყო, ნამდვილად ყაჩაღობა. არაფერი არ წაუღიათ. არ იყო არაფერი და რას წაიღებდა. რის გამო მოვიდნენ არ ვიცი, რატომ მოკლეს ეს ქალი და რატომ დაჭრეს ის კაცი. არ მიშვებენ იქ, მაგრამ ლაპარაკობენ, რომ შეიძლება გადარჩესო. ბანდიტობა არის ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი მთავრობის ბრალია. 85 წლის კაცი ვარ, ასეთი არ მინახავს არაფერი. დარტყმული აქვს ზურგში. დაახრჩვეს მერე, რატომ არ ვიცი. არც ფული იყო, არც არაფერი. ალბათ, იყვირა და მაგიტომ დაახრჩვეს და მიარტყეს რაღაც კიდევ, მაგრამ რა მიარტყეს არ ვიცი”, – ამბობს ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით დასრულდა. თავდამსხმელებმა სახლში მყოფი პენსიონერი ქალი, რომელიც ქმრის გადარჩენას ცდილობდა, თოკით გაგუდეს, კაცი კი სასტიკად სცემეს. შემზარავი დანაშაული ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში მოხდა. შეირაღებული ჯგუფი თავს აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების ოჯახს დაესხა.