ქალების აქცია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ კვარხეთში – ადგილობრივები გაზიფიცირების, საუბნო გზების, სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კვარხეთში გაზის მილები გასულ წელს გაიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი უხარისხოდ განხორციელდა და ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ ჩაურთავთ. გარდა ამისა, კვარხეთში არ არის ამბულატორია, საბავშვო ბაღი და ახალი სასწავლო წლიდან აღარ იქნება არც სკოლა. მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაზეც ჩივის. ქალების აქციას დღეს მხოლოდ ერთი კაცი შეუერთდა.
“ერთი თვის წინ წავედით სოფელი, ჩავედით გამგეობაში. გამგებელმა ტკბილი ენით გამოგვისტუმრა, რომ უნდა მოსულიყვნენ, მთავრობა უნდა შეგვხვედროდა და უნდა გველაპარაკა. მაგრამ აქ არავინ არ მოსულა…ჩვენი პრობლემაა გაზი. გამოიყვანეს, მაგრამ არ ჩაგვირთეს. ოქტომბერში უნდა ჩართულიყო, მაგრამ დღესაც არ არის ჩართული. არც არაფერს გვეუბნებიან, როდის იქნება არ ვიცით. სკოლაც აღარ იქნება. ამბულატორია აქ არ გვაქვს,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.