შსს-ს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ 2016 წლის 23-26 მარტს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.
გამოვლენილი და გახსნილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 60-ე მუხლი) 29 ფაქტი;
საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ს262-ე მუხლი) 8 ფაქტი;
ძარცვის (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი.
დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, მათ შორის:
ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 77 ფაქტი;
წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;
დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი.
„საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი “სუბოქსინი”, 45 აბი “კოდეინი”, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო”, 250 აბი “აქტიფედი”, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპოლიციო კონტროლის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.