aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რა არის “რუსული კანონი” და რატომ არის საშიში ის აღნიშნულ საკითხზე სტატიას netgazeti.ge ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიმდინარე დღეებში მმართველი გუნდი ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ მედიისა და არასამთავრობოების “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოცხადებით არაფერი ფუჭდება: საქმე მხოლოდ მეტ გამჭვირვალობას ეხება და პროტესტის საფუძველი არ არსებობს.

ასეა ეს? სტატიაში მოკლედ გეტყვით, რატომ არის საშიში ის, რის კანონად ქცევასაც “ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები ცდილობენ.

“ფინანსური ან დაზღვევის აგენტიც ხომ არსებობს?!”
დიახ, სიტყვა “აგენტი” მხოლოდ ჯაშუშს არ ნიშნავს. თუმცა, მნიშვნელობა აქვს კონტექსტს:

ერთი მხრივ, ესაა ნეგატიური დატვირთვა, რომელსაც სიტყვა “აგენტი” ატარებს ქართულ რეალობაში — განსაკუთრებით, საბჭოთა წასრულის გავლენით, როცა ეს სიტყვა მრავალი მოქალაქის გონებაში ჩაიბეჭდა ჯაშუშის, მტრული ძალის წარმომადგენლის მნიშვნელობით.

მეორე მხრივ, თუ მაინც დავუშვებთ, რომ ცალკე აღებული “აგენტი” ცუდს არაფერს ნიშნავს, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რა მნიშვნელობას იძენს ის სიტყვათშეთანხმებაში “უცხოური გავლენის აგენტი” და როგორ “ამდიდრებს” ამ მნიშვნელობას ხელისუფლების რიტორიკა.

პასუხის საპოვნელად მმართველი გუნდის განცხადებები დავიხმაროთ:

გავიხსენოთ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორი სატელევიზიო ეთერი 1 კვირის ინტერვალით: პირველ შემთხვევაში კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ აგენტი ჯაშუშს არ ნიშნავს, მეორეში კი უკვე ჯაშუშის კონტექსტი შემოიტანა და გვითხრა, როცა აგენტი ხარ, სამშობლოს წინააღმდეგ გიწევს წასვლაო.

აქვე გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ნოემბერში როგორ მოიხსენიებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალა” არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკის აგენტურად, რომლის დაფინანსებაც მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო.

უფრო მანამდე, 2022 წლის ზაფხულში “დასავლეთის აგენტურაზე” და მისი კანონით რეგულირების აუცილებლობაზე საუბარი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედმა პირებმა დაიწყეს, რომლებიც საზოგადოებას ანალიტიკოსებად წარმოუდგებიან. ისინი პირდაპირ ავლებდნენ პარალელს აგენტებსა და ჯაშუშებს შორის. შესაბამისად, ნათელია, რომ მმართველი გუნდი სიტყვა აგენტში სწორედ ჯაშუშის მნიშვნელობას დებს და ამ გზით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებების დისკრედიტაციას.

მედია და NGO-ები გამჭვირვალობას ვეწინააღმდეგებით?
არა. დღეისათვის სახელმწიფოს, შემოსავლების სამსახურის გავლით, ისედაც აქვს ინფორმაცია, თუ რა თანხები ტრიალებს უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ანგარიშებზე. ამასთან, დონორებიც და ორგანიზაციებიც თავად ასაჯაროებენ პროექტების ხარჯებსა და მიზნებს.

შესაბამისი დოკუმენტების გამჭვირვალობა პირდაპირ ეთერში დაადასტურეს როგორც “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ისე “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა.

ესეც რომ არ იყოს, საქართველოში საერთაშორისო დონორები პერიოდულად ისედაც წარადგენენ საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს: ეს თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, რომელმაც მაგალითად მოიყვანა აშშ-ის USAID და განმარტა, რომ ეს ორგანიზაცია ყოველ 3 თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს ხოლმე პარლამენტს, ისევე როგორც, ღიაა საგადასახადო სამსახურისთვის.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გვიმტკიცებენ, რომ ინფორმაცია “გაფანტულია” და მეტი გამჭვირვალობისთვის ყველა ამ მონაცემმა ერთიან, საჯარო რეესტრში უნდა მოიყაროს თავი, მადისკრედიტირებელი სახელდების, “უცხოური გავლენის აგენტების” ქვეშ.

რატომ არის რუსული, თუ აშშ-შიც მოქმედებს?
იმიტომ, რომ კანონპროექტის მიზანია რუსული: ჯერ შეურაცხყოს, შეზღუდოს და შემდეგ საბოლოოდ გაანადგუროს კრიტიკული არასამთავრობოები და მედიასაშუალებები.

აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი:

ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს.

ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება. მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო-პროპაგანდსიტული “სპუტნიკი” და “რაშა თუდეი”, მაგრამ არ არის რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში დაფუძნებული მედიასაშუალებები, როგორიცაა BBC, გარდიანი და სხვა.

რით განსხვავდება უმრავლესობის რუსული კანონპროექტი ამერიკულისგან — ხიდაშელის განმარტება
საქართველოს შემთხვევაში, ამ კანონპროექტის სამიზნეები ევროპიდან და აშშ-დან დაფინანსებული ორგანიზაციები იქნებიან. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მისივე დამფუძნებლის განცხადებით, ღიად პრორუსული მედიასაშუალება “ალტ ინფო”, ამ რეესტრში არ მოხვდება მიუხედავად იმისა, რომ კოკა მორგოშია ბიზნესს რუსეთში აწარმოებს და თავადაც იქ ცხოვრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ “ალტ ინფოს” სპონსორი საქართველოს მოქალაქეა.

მარტივად რომ ვთქვათ, მმართველი გუნდი მოწოდებულია, უცხო ძალის აგენტად ავტომატურად გამოაცხადოს უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციები, მათი საქმიანობის განურჩევლად.

ევროკავშირში, საითაც საქართველო გაცხადებულად ისწრაფვის, ამ კანონპროექტის ანალოგი არ არსებობს.

ეს კანონი მეც მეხება?
მმართველი გუნდის სამიზნე მედია და არასამთავრობო სექტორია, თუმცა აგენტებად გამოცხადება მხოლოდ მათზე არ აისახება.

მადისკრედიტირებელი კანონის ქვეშ მოყვება მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტებით უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ მოქალაქეებს; ეხმარებიან ქალებსა და ბავშვებს, შშმ პირებს…

კანონი მოიცავს თბილისსა და რეგიონებში ბაზირებულ დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასაშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც მრავალი თქვენგანი ყოველდღიურად ეცნობა ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მათ ანალიზს.

ჩვენ თავს ვკითხოთ, გვსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ იარსებებს კრიტიკული მედია და უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელსაც დახმარებისთვის მივაკითხავთ, როდესაც სახელმწიფო ან გავლენიანი სუბიექტი დაგვჩაგრავს ჩვენ ან ჩვენს ახლობელს?

თავს იმითაც ვერ დავიმშვიდებთ, რომ აგენტებად მხოლოდ ორგანიზაციებს გამოაცხადებენ და არა — ფიზიკურ პირებს. ასე დაიწყო რუსეთშიც, სადაც ეს კანონი ნელ-ნელა ფართოვდებოდა და ამჟამად ის ეხება ყველას, ვინც კრემლს აკრიტიკებს. მათ შორის ფიზიკური პირებიც არიან.

როგორ აფართოებდა რუსეთი “უცხოეთის აგენტების” დევნას — ქრონოლოგია
“აგენტი” — მარტო სახელია პრობლემა?
არა, პრობლემა გაცილებით დიდია: ჯერ ერთი, გამჭვირვალობის სახელით, ორგანიზაციებს სთხოვენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია, რომლებიც თანამშრომელთა პირად მონაცემებსაც ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ თავშივე უარი თქვი მადისკრედიტირებელ რეესტრში რეგისტრაციაზე, გაკისრებენ სოლიდურ ჯარიმებს, რომლებიც დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს მცირეშემოსავლიან ორგანიზაციებს.

კერძოდ, რეგისტრაციისთვის თავის არიდება 25 000 ლარით ისჯება, რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა — 10 000 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ამ ხარვეზებს 1 თვის შემდეგაც არ გამოასწორებს, ის 20 000 ლარით დაჯარიმდება.

დაბოლოს: არასამთავრობოებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის დაუღალავი მცდელობების შემდეგ, ნათელია, რა არის მმართველი გუნდის საბოლოო მიზანი — ამ სუბიექტების დასუსტება და დახურვა. მის მიერ “ალტერნატიული” კანონპროექტების შემუშავება თუ სიტყვათა გადაწყობა მოცემულობას ვერ შეცვლის.

ასე რომ, სახელწოდება ნამდვილად პრობლემაა, თუმცა, არა ერთადერთი. გაცილებით სახიფათოა ის, რისთვისაც ამ სახელწოდების ქვეშ დაწერილი კანონი იქნება გამოყენებული. ეს უკვე მოხდა. რუსეთში.

წყარო: netgazeti.ge

იტვირთბა....