ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა უკანონოდ ცნო” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება.

„ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მსიამოვნებს, რომ ოპოზიციაში ასეთი ადამიანები გვყავს, კონკრეტულად ის, ვინც აღნიშნული ბრიფინგი ჩაატარა. ის ელემენტარულად ვერ არჩევს იმას, რომ სასამართლომ განხილვამდე დროებით შეაჩერა ეს გადაწყვეტილება. თითქოს თემა განიხილა უკვე სააპელაციომ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ასე აჩვენებენ ხალხს და ასე უნდათ მიიტანონ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე, მაგრამ ეს ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი მავნებლობა, როდესაც ეწინააღმდეგებიან ისეთ პროექტებს, რომლებიც დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელია, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს მავნებლობაა. გაუბედურებული ადამიანები 30 წელია საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. ჩვენ კი გავაკეთეთ ის, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული 12 000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ.

დღესაც, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ასევე, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს ბინებს გადავცემთ. დაახლოებით, 800-მდე ოჯახი დაგვრჩა. მავნებლობაა, როცა ასეთ პროექტს ეწინააღმდეგებიან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთება და მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას მოუწოდებს მდინარე ხევძმარას ხეობის ნაცვლად, დაზარალებულ 116 ოჯახს ადეკვატური, უსაფრთხო ტერიტორია შესთავაზოს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნულ ხეობაში მოსახლეობის დასახლება ერთი მხრივ უსაფრთხოების ნორმებს, მეორე მხრივ კი „მწვანე ქალაქის“ კონცეფციას ეწინააღმდეგება.

იტვირთბა....