აზერბაიჯანული მხარის ცნობით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი-სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის გამყოფ ხაზთან, ტერტერის რაიონში საძვრებზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა – ერთ მათგანს ფეხის ამპუტაცია დაჭირდა. ბაქოს ცნობითვე, საქმეებზე დაწყებულია გამოძიება.
2023 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 2020 წლის 44 დღიანი ომის შემდეგ 960 კვადრატული კილომეტრის დანაღმვის შესახებ. ბაქოს ცნობითვე, წინასწარი მონაცემებით, ტერიტორია, რომელიც ყარაბაღის ხელისუფლების კონტროლის ექვემდებარებოდა, დანაღმული იყო 2 კილომეტრამდე სიგანისა და 480 კილომეტრის სიგრძის ზოლზე საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.
2022 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მილიონ ნაღმზე მეტი იყო განლაგებული და ამ მიწების განაღმვისთვის 30 წელი იქნება საჭირო. ალიევმა სამუშაოების ღირებულება 25 მილიარდ დოლარად შეაფასა.
2022 წლის 11 ივლისს ევროკავშირმა აზერბაიჯანს 4,25 მილიონი ევრო გამოუყო ამ ტერიტორიის განაღმვისთვის. მანამდე კი დიდმა ბრიტანეთმა ორჯერ გამოყო 500 ათასი ფუნტი სტერლინგი კონფლიქტის ტერიტორიის განაღმვისთვის.
2023 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიმართეს გაეროს და ევროკავშირს თხოვნით, რომ დაეხმარონ კონფლიქტის ტერიტორიების განაღმვის საკითხის მოგვარებაში.
2020 წელს ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის მონაცემებით, ნაღმების აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის 342 მოქალაქე დაზარალდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 65 ადამიანი, აქედან 50 – მშვიდობიანი მოქალაქე და 3 ჟურნალისტი.

