პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და მათი განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, 2024 წელს ნორვეგიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მხრიდან საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისთვის.
მხარეებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციასა და ამ გზაზე ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ხაზი გაესვა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობას და ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერა.