განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი რიმა ბერაძე კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შეფასება, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას, სადაც სკოლის მართვაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, სკოლების დირექტორები, სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეები, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა რიმა ბერაძემ შეხვედრის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ის რეფორმები გააცნო, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლების შრომითი პირობებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას, ამასთანავე, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.
მოკვლევის ჯგუფი საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გააგრძელებს. მოკვლევის შედეგად სახელმწიფო უწყებებისათვის შემუშავდება ანგარიში, რომელშიც იდენტიფიცირდება გამოწვევები და გამოიკვეთება რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მისამართით.