ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ მოხვდება “ქართული ოცნების” სიაში: კობახიძე კანდიდატებს ასახელებს

ლევან კალანდაძემ „მეტრონომთან“ არც უარყო და არც დაადასტურა…

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხდა, რომ შესაძლოა პარტიის სიაში “20/30”-ის წევრები ვიხილოთ.

“სიას რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი არცერთი სახელის და გვარის დაკონკრეტება, ამისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს, სადაც განსაკუთრებით საჭიროა საპარლამენტო მნიშვნელობის გაძლიერება. ეს არის სწორედ კანონშემოქმედებითი სფერო, ეს არის ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობების სფერო. ეს არის სამი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ. 20/30-ში წარმოდგენილი არიან კვალიფიციური ადამიანები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საზოგადოების წევრებიც აღმოჩდნენ ჩვენს სიაში.  ” – განაცხადა კობახიძემ.

“მეტრონომთან” საუბარში “20/30”-ის ერთ-ერთმა წევრმა ლევან კალანდაძემ არც უარყო და არც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. მისი თქმით თუ შეთავაზება იქნება, ის ამ საკითხზე დაფიქრდება.

“ამ თემას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა “ქართულ ოცნებაში” ამ თემაზე საუბარი. ჩემთან კონსულტაციები ამ თემაზე არ ყოფილა”.

„მეტრონომი“: თუ იქნება ასეთი შემოთავაზება დათანხმდებით?

ლევან კალანდაძე: „შემოთავაზებას დაველოდოთ. მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება შემოთავაზება. გამორიცხული არ არის, მაგრამ ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ ეს აუცილებლად იქნება ან არ იქნება ამაზე ძალიან ძნელია”. – აცხადებს კალანდაძე.

იტვირთბა....