პოლიტიკოსი ნიკა მელია გუშინ პრეზიდენტის სასახლეში, კაპმანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ – დაესწრო.
მან, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„აქ ვარ ქართველი ხალხის ნების ასასახად, ვისაც სურს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. დღევანდელ დღეს, დღევანდელ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება, ინსტიტუტია, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. ქალბატონი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ის რა გზას დაადგება…
იმედი მაქვს, ხვალ იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული. ჩემი გეგმა გაცხადებულია და მალე გვექნება სადამფუძნებლო ყრილობა და ეს პოლიტიკური პარტია დიდ როლს ითამაშებს მოახლოებულ არჩევნებზე. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება კორუფცია, ვისთვისაც მიუღებელია პოლიტიკით ვაჭრობა, მიუღებელი იქნება ივანიშვილი-კეზერაშვილი და პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში გაწევრიანება, იქნება განხილული, როგორც პარტნიორი. უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ქართულ პოლიტიკაში იქნება რეალური ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.