ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ექსპორტი რუსეთში და ევროკავშირის დოკუმენტი: როგორ აქცენტებს აკეთებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლი ზურაბ ჩეკურიშვილი Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის ბაზრის მნიშვნელობის საკითხზე საუბრობს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირის საიტზე ვრცელდება დოკუმენტი. დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ 2015 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 208 მილიონი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი მოახდინა, რაც 2-ჯერ მეტია ამავე პერიოდში რუსეთში გატანილი პროდუქტების მოცულობასთან შედარებით.

ჩეკურიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გაყიდვა ბევრად რთული იქნება, თუმცა იქვე დასძენს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული ბაზრის ათვისება არ ვცადოთ.

მინისტრის მრჩეველი ასევე რუსული ბაზრის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

“მიმაჩნია და, ვფიქრობ, ეს მთელი ჩვენი სამინისტროს პოზიციაა, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ ახლა შევედით რუსულ და ევროპულ ბაზარზე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპაზეც, რუსეთზეც, აზიაზეც, რასაც აკეთებს კიდეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო”. – აცხადებს ჩეკურიშვილი.

“მეტრონომი” ევროკავშირის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველომ 2015 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 208 მილიონი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი მოახდინა, რაც 2-ჯერ მეტია ამავე პერიოდში რუსეთში გატანილი პროდუქტების მოცულობასთან შედარებით. 2010 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგებულია საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გატანილი პროდუქტის ღირებულება. მეტიც, 2014 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საბაჟო გადასახადები მოიხსნა. ეს ყველაფერი ქართულ ბიზნესს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბაზარზე დასამკვიდრებლად.” – წერია დოკუმენტში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული დოკუმენტის შესწავლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალური წერილი სამინისტროში ჯერ არ შესულა.

“უნდა მოხდეს სამინისტროს მხრიდან შესწავლა სად არის ეს დოკუმენტი მომზადებული, ვინ აწერს ხელს და ა.შ. ჩვენი სამინისტროს ცალსახა პოზიციაა ევროკავშირის ბაზრის უპირატესობა. ჩვენ ევროკავშირს ვაღიარებთ უპირობო პარტნიორად. რაც შეეხება ამ ინტერვიუს, იქ იყო კითხვა თურქეთის ბაზართან დაკავშირებით. პირველი გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს ინტერვიუ არ ეხებოდა ევროკავშირ-რუსეთ სავაჭრო ურთიერთობებს. ეს იყო ცალსახად რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე და საერთოდ, რა ხედვა აქვს ამ მიმართულებით სამინისტროს. იქ ჟურნალისტი კითხულობს თურქეთთან ურთიერთობის გართულების ფონზე, ხომ არ დაიკავებს საქართველო იმ ნიშანს, რაც თურქეთს გააჩნდა. იქ ბატონი ზურაბი პასუხობს, რომ ჩვენ ჩვენს ტრადიციულ ბაზარს ვიბრუნებთ და არავის ადგილის ჩანაცვლება არ ხდება. საქართველო იბრუნებს იმას, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ სამინისტროს იმის მტკიცება უწევს, ევროკავშირი კარგია თუ რუსეთი. ჩვენთვის ნებისმიერი ბაზარი მნიშვნელოვანია, თუმცა უპირატესობას ევროკავშირის ბაზარს ვანიჭებთ.” – აცხადებენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

“მეტრონომმა” გადაამოწმა სამინისტროს ინფორმაცია. როგორც ჩვენ ვნახეთ, ზურაბ ჩეკურიშვილი მართლაც საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან საქართველოს ვაჭრობის დიდი ტრადიცია აქვს და არავის ჩანაცვლებას არ აპირებენ.

იტვირთბა....