ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის ბაგა ბაღების დირექტორების გათავისუფლებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და დირექტორებისა თუ თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე და „რეპრესიებზე“ საუბრობს. საპასუხოდ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა, ბაგა ბაღის წესდებასა და შინაგანაწესის დაცვაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, 2014 წლიდან ბაღებში უდიპლომო თანამშრომლების და ფინანსური დარღვევების მქონე დირექტორების გათავისუფლება ხდება.
თბილისის მერიის განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივი და არასწორი ხარჯვა, რაც მიუთითებს ბაღის დირექტორის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აუდიტის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი.
„მეტრონომთან“ ამ თემაზე ლევან ხაბეიშვილმა და თემურ თორდინავამ ისაუბრეს.
ლევან ხაბეიშვილი: სანამ ვინმეს გაათავისუფლებენ, რა თქმა უნდა, დოკუმენტებსაც ქმნიან. საინტერესო ისაა, რა მოტივითაა ეს დოკუმენტები შექმნილი. ძირითადად თანამშრომლები და დირექტორები იმ მიზეზებით გაათავისუფლეს, რომ უხარისხო ბრინჯი ნახეს ბაღის საცავში შენახული, რომ კარაქი ამჟავებული იყო და ა.შ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბაღის დირექტორებს ძირითადად კვების ხარისხს ედავებიან, მაგრამ ტენდერს კომპანიებზე, ვინც ბაღები უნდა უზრუნველყოს საკვებით, თავად ბაღების სააგენტო აცხადებს და კომპანიებს თავად არჩევს. მათივე არჩეულ კომპანიას რომ უხარისხო საკვები შეაქვს, ამისთვის დირექტორს ათავისუფლებენ. ამ ტენდერებზე კვლევაც გვქონდა, სადაც დავინახეთ, რომ ერთ-ერთ კომპანიას გაუფორმეს კონტრაქტი, რომელიც ტენდერის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა და მათ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ.
„მეტრონომი“: პოლიტიკურ მოტივს რაში ხედავთ ბაღების დირექტორების გათავისუფლებისას?
– 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან ვამბობდით, რომ გვქონდა ინფორმაცია, სუს-ი ადგენდა იმ დირექტორების და თანამშრომლების სიებს, ვინც არ იყო „ქართული ოცნების“ მომხრე. ჯერ კიდევ ნოემბერში ვამბობდით, რომ იანვრიდან დაიწყებოდა რეპრესიები და ბაღებიდან უამრავ თანამშრომელს თუ დირექტორს გაათავისუფლებდნენ. მაგალითად, 169-ე ბაღში დირექტორმა თანამშრომლები არ გაათავისუფლა და ამიტომ თავად გაათავისუფლეს. ახალმა დირექტორმა კი უკვე 6 თანამშრომელი გაათავისუფლა, თან 20-30 წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები, ვითომ საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის. 85-ე ბაღიდან 5 თანამშრომელი გაუშვეს, 76-ე ბაღიდან – 3 თანამშრომელი… სისტემური ხასიათი აქვს უკვე ამას. ათავისუფლებენ მათ, ვინც ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების დავალებებს არ ექვემდებარებიან და არჩევნების დროსაც ვერ გამოიყენებენ შესაბამისად.
– ეს ვერსიაა. არსებობს ამის დამამტკიცებელი საბუთი?
– დამამტკიცებელი საბუთი ისაა, რომ ყველა გათავისუფლებული ერთსა და იმავეს ყვება. არ შეიძლება ყველა ტყუოდეს. „მედიატორი“ იურიდიულად ბევრს იცავს და როგორც მერიაში აღადგინეს უამრავი ადამიანი, აქაც ასე მოხდება. მთავარი ამოცანა მათთვის, საპარლამენტო არჩევნებია. ჯერ დოკუმენტი არ მიჭირავს, გუშინ დაწერეს განცხადებები და დღეს როგორ მექნება, რომ ეს უკანონო და ტყუილია, მაგრამ ბრძანებები, მოტივები რაც დაწერეს, აბსურდულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დირექტორებზე ან თანამშრომლებზე, რომლებიც გაათავისუფლეს, არცერთი საჩივარი არ არსებობს მშობლების მხრიდან. სამაგიროდ, 169-ე ბაღში ათეულობით მშობლის საჩივარია შესული ახლად დანიშნულ დირექტორზე, მათ შორის იმის, რომ 6 დღის პური აჭამა ბავშვებს და რომ საკუთარ თავს მადლობის წერილი დაუწერა დირექტორმა და მშობლებს ხელის მოწერას სთხოვდა. ბოლო 3-4 თვის განმავლობაში 50-მდე თანამშრომელი თუ დირექტორია გათავისუფლებული.
– რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?
– დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, სადაც საპარლამენტო კომიტეტზე ამ საკითხის მოსმენას მოვითხოვთ. აუცილებლად გავმართავთ აქციებს მერიასთან. ასეთი რეპრესიები ბაღებში არასდროს არ მომხდარა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაინიშნენ ახალი დირექტორები, რაც მათ კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს.
„მეტრონომთან“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა „მედიატორის“ მიერ დასახელებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
თემურ თორდინავა: 2014 წლის შემოდგომიდან, როცა ახალი ადმინისტრაცია შეუდგა მუშაობას თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში, დღემდე გათავისუფლებულია ოცამდე ბაგა-ბაღის დირექტორი და სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე 50-მდე ადამიანი, რადგან მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამებოდა წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ბაგა ბაღის წესდებასა და შინაგანაწესში მითითებულია, რომ ბაღის დირექტორის მოადგილეს უმაღლესი განათლება და ამის დამადასტურებელი დიპლომი უნდა ჰქონდეს. გამომდინარე იქედან, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
რაც შეეხება ბაგა-ბაღის გათავისუფლებულ დირექტორებს, სხვადასხვა პერიოდში 20-მდე საბავშვო ბაღის დირექტორი გათავისუფლდა, რომელთა დარღვევები განმეორებითი იყო. ეს დარღვევები შეეხებოდა სამზარეულოს ბლოკში არსებულ პრობლემებს, საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებს, რის საფუძველზეც პირველ ჯერზე დირექტორს გაფრთხილება მივეცით, განმეორებით, რამდენიმე თვის შემდეგ, ამავე ბაღში არსებული დარღვევის შედეგად გათავისუფლდნენ.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში გათავისუფლებულ დირექტორებს, ისინი წავიდნენ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ განცხორციელებული ინსპექტირების დასკვნის შედეგების საფუძველზე, სადაც გამოიკვეთა ფინანსური დარღვევები და გათავისუფლდა რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი.
რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსგავსი რამ არ ყოფილა და არც იქნება მომავალში. რომ გვდომოდა პოლიტიკური ნიშნით დირექტორების გათავისუფლება, ამას, პირობითად, 2014 წლის შემოდგომიდან დავიწყებდით…
– ამ გათავისუფლებებს საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებას უკავშირებს „მედიატორი“…
– არაფერ შუაში არ არის არჩევნები. ეს არის აღმზრდელობითი დაწესებულება. პოლიტიკური ნიშნით შეიძლება წლების წინ ინიშნებოდნენ ადამიანები. სააგენტოს მხრიდან თანამდებობებზე ადამიანები პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის მიხედვით ინიშნებიან.
– კონკურსის გარეშე დაინიშნენ ახალი დირექტორები?
– თბილისის სახელმწიფო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს აქვს სპეციალური ვებ გვერდი, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე მსურველებისთვის არის ველი. ისინი ავსებენ ამ ველს. ჩვენ თუნდაც ახლა, გავდივართ გასაუბრებებს და იქმნება საკადრო რეზერვი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტესტირება და საკადრო რეზერვის მიერ ვარჩევთ კადრებს, რომ დასაქმდნენ სხვადასხვა საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა თანამდებობებზე.
საბავშვო ბაღის დირექტორები სხვადასხვა პერიოდში გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ, ჩაუტარდათ კვალიფიკაციის შემოწმება. პროფესიონალიზმის, გამოცდილების და გასაუბრების შემდეგ ინიშნება კონკრეტულ საბავშვო ბაღში კონკრეტული დირეტქორი გამოსაცდელი ვადით. თუ ამ ვადაში ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მასთან არ გაგრძელდება შრომითი ხელშეკრულება, ან დარღევის შემთხვევაში, გათავისუფლდება.
-ვადაგასული, უვარგისი საკვების საფუძველზე გაგითავისუფლებიათ საბავშვო ბაღის დირექტორი?
– არა, იმიტომ, რომ საკვები პროდუქტის შესასყიდად გამოცხადებული იყო ტენდერები, გამარჯვებულმა კომპანიებმა ხელშეკრულებები დადეს ბაღებთან. საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტო, დირექტორები და სურსათის ეროვნული სააგენტო, ერთობლივად ვაკონტროლებთ საკვების ხარისხს და ვადებს.
– საჯარო არ არის ინფორმაცია, თუ ვინ არიან ახლადდანიშნული დირექტორები, მათი განათლება და კვალიფიკაცია რა არის?
– რა თქმა უნდა, საჯაროა. ოფიციალურად მოგვმართონ, არანაირი პრობლემა არ არის. არაკვალიფიციური კადრები წინა წლებში იყო დანიშნული და ჩვენ წესრიგში მოვაყვანინეთ საბავშვო ბაღებს აღნიშნული მიმართულება. საშუალო განათლების ადამიანები მუშაობდნენ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. ვინც დაარღვევს, არ აქვს მნიშვნელობა, 20-30 წლის სტაჟი ექნება თუ მეტი, ყველა გათავისუფლდება.
მანა ნოდია