ქეთევან ქარდავა ის ქართველი ჟურნალისტია, რომელიც ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების მომენტში იმყოფებოდა. მისი ტერაქტის შემდეგ გადაღებული ფოტოები მსოფლიო მედიამ აიტაცა.
usatoday ერთ-ერთი იმ მედიათაგანია, რომელმაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სპეციალური კორესპონდენტის, ქეთევან ქარდავას ინტერვიუ სახელწოდებით „ამბავი ბრიუსელის ფოტოს მიღმა, რომელიც ყველგან ნახეთ“ შემოგვთავაზა.
ქეთევან ქარდავა ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების ადგილიდან მეტრნახევარში იდგა. მისი პირველი რეაქცია ის იყო, რომ თავისი კამერა აეღო და მის გარშემო შექმნილი კვამლი და შენობის ნარჩენები გადაეღო – „ეს იყო შოკი, ეს იყო ინსტიქსი“ – ამბობს ქარდავა.
პირველი ფოტო, რომელიც მან გადაიღო, ორი სისხლიანი ქალის იყო. სწორედ ეს ფოტოა, რომელიც მსოფლიოს გარშემო გავრცელდა, როგორც სიმბოლო საშინელი სამშაბათის ტერორისტული აქტის.
როგორც გამოცემა წერს, ახლა ქარდავა უსაფრთხოდაა, მაგრამ ისევ კანკალით საუბრობს და ამბობს „მე არ შემეძლო მათ დავხმარებოდი“.
„ჩემს ირგვლივ ყველა სისხლიანი იყო. მათ დაკარგეს ფეხები, ყველამ. მე ვუყურებდი ჩემს ფეხებს. ჩემი ხელებით მინდოდა მეგრძნო ისინი“ – ამბობს ქარდავა გამოცემასთან.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ცოცხალი იყო, დაიწყო ყვირილი, რომ მისთვის ეშველათ.
„მე ვყვიროდი, ექიმი, ექიმი, ექიმი! და იქ არავინ იყო“ – აღნიშნავს ის. როდესაც არავინ გამოჩნდა, მან აიღო კამერა და გადაიღო ფოტო „ქალი ყვითელ ქურთუკში“.
„რა უნდა მოიმოქმედო ასეთ სიტუაციაში, როდესაც შენ ხარ ჟურნალისტი? დაეხმარო? ექიმს დაუძახო დასახმარებლად თუ ფოტო გადაიღო? იმ მომენტში მე გავაცნობიერე, რომ უნდა მენახებინა მსოფლიოსთვის თუ რა მოხდა ტერორისტული აქტის დროს, ფოტო უფრო მნიშვნელოვანი იყო“- ამბობს ქარდავა.
ის იღებდა სურათებს და ითხოვდა შველას მანამ, სანამ შეიარაღებული ჯარისკაცი არ გამოჩნდა და ყველას მოუწოდა, ვისაც ეს შეეძლო, რომ გაქცეულიყვნენ ისე სწრაფად, როგორც შეეძლოთ.
„ადამიანებს, რომლებიც მე გადავიღე, სიარული არ შეეძლოთ, მე კი მათი დახმარება არ შემეძლო. ჩემთვის ძალიან რთული იყო მათი დატოვება. მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ფეხები ჰქონდა. მინდოდა, ყველას დავხმარებოდი, მაგრამ არ შემეძლო. მე ისინი დავტოვე, მე ეს უნდა გამეკეთებინა – ჩვენ ველოდებოდით მესამე აფეთქებას. არ ვიცი როგორ მოვახერხე ეს, როგორ გადავიღე ფოტოები, როგორც ჟურნალისტი, ეს იყო ინსტიქტი. მე ისინი განვათავსე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ და დავწერე – „აფეთქებაა… გვიშველეთ“- ამბობს ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.