ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც “ოცნებას” უნდა გაეკეთებინა” – ჯაფარიძე რეზოლუციაზე და სააკაშვილის სამძიმარი გინტურის ოჯახს

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

მან ისაუბრა ევროპარლამენტის რევოლუციაზე, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს უკავშირდება. ევროპარლამენტი აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის.

„ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას! ასევე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა როგორც კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.
ასევე საუბარია იმაზე რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიყვანოს თავისი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთხელ თამაზ გინტურის გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება და ნათელია, რომ იმას რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად.

მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია, ასევე გპირდებით რომ ადრე თუ გვიან დაისჯებიან დამნაშავეები და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს!“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ბრიფინგს ესწრებოდა მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური.

„მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა ბატონო მიშა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გიორგობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ანა ფოტიგას მხარდაჭერისთვის“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა გინტურის ოჯახს წერილით მიუსამძიმრა: „კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ უკეთილშობილესი ვაჟკაცის, თამაზის გარდაცვალებას. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ აუცილებლად მივაღწევთ მისი მკვლელების პოვნას და დასჯას. ავწევთ ამ თემას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე და არავის მოვასვენებთ, სანამ სამართალი არ აღსრულდება“, – აღნიშნულია წერილში.

იტვირთბა....