ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე იკითხება.
ის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის ერთ-ერთი მოწმეა.
„2005 წელს საკითხი იქნა განხილული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, იქ დაისვა საკითხი, რომ დავით გარეჯის ის ნაწილები, რომელზეც აქ მიმდინარეობს საუბარი, არის შანსი თუ არა, რომ იყოს საქართველოს შემადგენლობში. კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მაშინ მისცა განმარტება, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა საბუთის, დოკუმენტის და რუკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რჩება აზერბაიჯანის მხარეს. მალხაზ მიქელაძე იყო თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა გახდა, რომ მონასტერი შენარჩუნებულიყო როგორც ქართული მონასტერი, ეს იყო ჩვენს წინაშე დაყენებული ფაქტობრივი ამოცანა. უშიშროების საბჭოს მართავდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო მისი უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.