ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქციის მონაწილეებს აქვთ სამინისტროს ეზოში კარვის გაშლის უფლება” – იოსელიანი

“აქციის მონაწილეებს აქვთ სამინისტროს ეზოში კარვის გაშლის უფლება”, – ეს განცხადება სახალხო დამცველმა რიონის მცველებთან შეხვედრის დროს გააკეთა. რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმყოფებოდა.

ვარლამ გოლეთიანმა მას სთხოვა, გამოხატოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის უფლებას ართმევენ – ვინაიდან არც სამინისტროს ეზოში კარვის გაშლის უფლება აძლევენ და არც შენობის ჭიშკართან ტენტს აშლევინებენ, რათა თავი წვიმას შეაფარონ.

ლევან იოსელიანმა შეკრებილებს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, სამინისტროში მზად არიან, აქციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართონ.

სახალხო დამცველი ამბობს იმასაც, რომ აქციის მონაწილეებს აქვთ უწყების ეზოში კარვის გაშლის უფლება. მისივე თქმით, ესაუბრა შსს-ის წარმომადგენელს, რომელმაც, თავის მხრივ, უთხრა, რომ „დაილაპარაკებენ და მიღებენ გადაწყვეტილებას კარავთან დაკავშირებით”.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, კარვის გაშლის საშუალება მათ ეზოში უნდა მისცენ.

რომც დაგვანებონ, შესასვლელთან კარვის გაშლა ჩვენთვის უსაფრთხო არ არის. მნიშვნელოვანია, კარვის გაშლის უფლება მოგვცენ ეზოში. ამით მოხდენა სიტუაციის განეიტრალება. მოძრაობას არც აქ ვბლოკავთ, არც ეზოში გავაკეთებთ. კარგია, რომ სახალხო დამცველმა გამოხატა პოზიცია, რომ ამისი უფლება გვაქვს. მაგრამ თუ არ განხორციელდა ის, რაც ითქვა, დიდი აზრი არ ექნება. არ გვაქვს კარავი, გვაქვს თავზე ხელით დაჭერილი ცელოფანი და ქოლგა”, – განაცხადა გოლეთიანმა.

იტვირთბა....