ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს“ – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას და ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას.

„ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და გამოძიების ნაკლოვანებებზე განმცხადებლების თითქმის ყველა არგუმენტი გაიზიარა. მათ შორის, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მაშინ როცა მოგვიანებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) ჩხრეკა და ამოღება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა და პროკურატურა სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო. ცხადია, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა. სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 19 იანვარს გამოაქვეყნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.

იტვირთბა....