ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წელს 94 მლნ ლარით იზარალა

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ოპერირებაზეა პასუხისმგებელი, ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის ფინანსური ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წელს 94 მლნ ლარით იზარალა.

როგორც BM.ge წერს, საქმე ისაა, რომ “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სუბსიდირებადი საწარმოა და მისი სამგზავრო ტარიფი კომპანიის რეალურ ხარჯებს არ ასახავს. ამასთან, კომპანია თბილისის მერიის მხრიდან მუდმივ დოტაციაზეა, შესაბამისად, მას ეფექტიანობის ზრდის გადაუდებელი საჭიროებები არ გააჩნია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წელს 354 მილიონი ლარის ხარჯი გასწია, ეს 2021 წლის ხარჯებთან შედარებით 69 მილიონი ლარით მეტია.

ასევე ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მერიისგან 231 მილიონი ლარის ტრანსფერები მიიღო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ავტობუსების შესყიდვაზე იყო მიმართული. 2021 წელს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კომპანიისთვის გადაცემული სუბსიდია 119 მილიონ ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკს 2024 წლიდან ეტაპობრივად MAN-ის წარმოების 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატა. 160 ახალ ავტობუსს დედაქალაქი “თეგეტა მოტორსისგან” შეიძენს, ხოლო შესყიდვის მთლიანი ღირებულება 89 მილიონ ევრომდეა.

იტვირთბა....