გუშინ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს. კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი, ამ დრომდე დაკავებული ჰყავთ.
„მეტრონომი“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას ესაუბრა თემაზე – რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რათა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეები დაიცვას?
[su_quote] ვიდრე კითხვაზე გიპასუხებდეთ, ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, კირბალიდან გამოიყვანეს ჟურნალისტები. ვერ ვეტყვით, რას უკავშირდება ეს. მკვლელობა სოფლიდან ოდნავ მოშორებით, სასაფლაოსთან, ლომისის ტაძრის მიმდებარედ მოხდა. ამდენად, თვითონ სოფლის შიგნით, წესით, საგამოძიეო მოქმედებები ჩასატარებელი არ არის.
რაც შეეხება სახელმწიფოს, უპირველესად, უნდა შეცვალოს ე.წ. „არგაღიზიანების“ პოლიტიკა. მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველად ცხოვრობს, ყოველდღიური გატაცებისა და მკვლელობის შიშის ქვეშ. ეს ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, არის აბსოლუტურად მცდარი.
უამრავი პრობლემაა საოკუპაციო ხაზთან. საპოლიციო პოსტები არასაკმარისია. რაც არის, ისინიც არასწორადაა განლაგებული. როგორც წესი, ეს პოსტები სოფლების შესასვლელშია და არა ბოლოში, სადაც პოტენციური საფრთხეები იწყება.
როგორც მინიმუმ, პოლიციური პოსტების დისპოზიცია უნდა შეიცვალოს. მეტი პატრულირება უნდა დაიწყოს. მთელი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ უნდა დაყენდეს კამერების სისტემა, რათა ეს ხაზი უფრო ეფექტურად გაკონტროლდეს. დარწმუნებული ვარ, კირბალში რომ კამერები ყოფილიყო, რუსები ვერ გაბედავდნენ ჩვენი მოქალაქის მოკვლას.
ეს, შეიძლება ითქვას, ტექნიკური საკითხებია.
მთავარი კი პოლიტიკური ნების შეცვლაა. ხელისუფლება ამბობს, რომ რუსი არ უნდა გავაღიზიანოთ. უბრალოდ, ამას ფუთავენ ლამაზი ტერმინებით – პრაგმატული პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
„ქართული ოცნება“ რუსეთთან ბიზნესის კეთებაზეა გადასული და ამას მთელი მსოფლიო ხედავს. ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, არამედ ობიექტური მოცემულობაა. ყველა უყურებს, როგორ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ, მკვლელ რუსეთთან. [/su_quote]
– განაცხადა დავით ქაცარავამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.