წინა მთავრობამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? – ხომ არსებობს რაღაც საზღვარი? ხომ არ უნდა დაკარგოთ ადამიანობა და ღირსება? – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ამ ტრაგედიის შემდეგ ვხედავთ დიდ დანაშაულს და უდიდეს უსამართლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არა, წინა ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე. ეს ხომ ზუსტად ის რუსული ნარატივია, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა. ეს ყველაფერი ამ ნარატივის, რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა.
ვეკითხები “ქართული ოცნების” ვაი ქართველებს – 1993 წელს სოხუმის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? მანამდე ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა და ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება თქვენი მხრიდან? ამხელა ტრაგედიის დროს, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული “მესიჯბოქსებით”? “მესიჯბოქსია” პატრიოტიზმი? რუსული ნარატივის გამეორებაა პატრიოტიზმი? ეს ხომ უსამართლობაა, ეს ხომ სამართლიანობას ვერც თამაზ გინტურის ოჯახისთვის და ვერც ქვეყნისთვის ვერ აღადგენს? თქვენ ამბობთ, რომ საქართველო არის თავისი თავის მტერი? ოკუპაცია ვინ მოახდინა? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ნამუსი ხომ არსებობს, ღირსება ხომ არ უნდა დაკარგოთ ბოლომდე? კობახიძეს, ღარიბაშვილს, მდინარაძეებს და კალაძეებს ვეკითხები – ოკუპანტი ვინაა? შეიძლება, რომ მტერს მტერი არ დაარქვა და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდე ოკუპაციაში? წინა მთავრობამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? ხომ არსებობს რაღაც საზღვარი? ხომ არ უნდა დაკარგოთ ადამიანობა და ღირსება?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

