გუშინ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს. კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი, ამ დრომდე დაკავებული ჰყავთ.
„მეტრონომი“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, კახა ქემოკლიძეს ესაუბრა თემაზე – როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას აქამდე და რა უნდა გააკეთოს მომავალში, რათა ასეთი ფაქტები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან და მოქალაქეები დაცული იყვნენ?
[su_quote] ოკუპაციას, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, აქვს ორი განზომილება – პრაქტიკული და პოლიტიკური.
პოლიტიკური განზომილება გულისხმობს, რომ საქართველოს ძლიერი მოკავშირეები – აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საერთაშორისო ორგანიზაციები – უნდა ჰყავდეს იმდენად ახლოს, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევებისას, მათ მოახდინონ გავლენა მოსკოვზე. მაგალითად, ახლა რომ დოთიაშვილი ჰყავთ დაკავებული, დღეს, მის გათავისულებასთან დაკავშირებით, პირდაპირი სატელეფონო საუბარი უნდა შემდგარიყო დასავლელ ლიდერებსა და პრეზიდენტ პუტნს შორის, მაგრამ ეს არ მომხდარა, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობა არ ჩამოშალა, ან რეპუტაცია იმ დონეზე დაიზიანა, რომ არცერთ დედაქალაქში აღარ დაერეკვება.
რაც შეეხება პრაქტიკულ განზომილებას, აქ არსებობს სამი ძირითადი მიმართულება – რბილი ძალა, ხისტი ძალა და მესამე, მათი ე.წ. სინთეზი – „ჭკვიანი ძალა“.
დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტალიზებული ერთიც და მეორეც. ქართული საპოლიციო ძალა სეგმენტურად უნდა აკონტროლებდეს პრობლემურ ზონებს, განსაკუთრებით ისეთ მონაკვეთებს, სადაც ადამიანები ხშირად გადაადგილდებიან. პირობითად, როგორც კი მსგავსი ტიპის ინდინდენტი შეიძლება წარმოშობილიყო, იქ მაშინვე უნდა გაჩენილიყო საქართველოს პოლიცია.
ამდენად, ჩავარდნები გვაქვს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე საოპერაციო ველზე.
რაც შეეხება თქვენი კითხვით იმ ნაწილს – რას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება?
საკუთარი ცრუპენტელობითა და „დედა დედაა და მამა მამაას“ ძახილით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი დაიზიანა ყველა ნორმალური, ცივილური დასავლელი მეგობრის თვალში. დღეს ხელისუფლება ამ ჩამოშლილი ურთიერთობების აღდგენას უნდა ცდილობდეს, თუმცა „ოცნებას“ არ აქვს ამის პოლიტიკური ნება. ის აცხადებს, რომ თურმე ოკუპაცია წინა ხელისუფლების დანატოვარია და ჩვენ ამას ვეღარ შევცვლით. ეს არის მთელი უბედურება. წინა ხელისუფლება იძახდა, რომ რომ მაშინდელი საქართველო შევარდნაძის ხელისუფლების დანატოვარი იყო და ხისტ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდნენ, ამართლებდნენ იმით, რომ ქვეყანაში კორუფცია იყო. იმის წინა კი ამბობდა, რომ პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის ქაოსით იყო განპირობებული.
„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ოკუპაციასთან მიმართებით ძირშივე არასწორი იყო. არადა ეს თემა ყოველთვის ზეპარტიული საკითხი უნდა იყოს. შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებას ედავო, რატომ ვერ აიცილა ომი თავიდან და ეს, მეცნიერული, საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზის, პრაქტიკული, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ის, რომ დღეს ადამიანებს გვიკლავენ, ბაზებს გვიშენებენ, ბორდერიზაციის 70-80 % შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდება, ხალხს ეკლესიებში არ უშვებენ, სასულიერო პირებს გიკავებენ და ამ დროს შენ გამოდიხარ და უტიფრად ამბობს, რომ აი, ეს არის ჩემი მშვიდობა და ამისთვის მადლობა უნდა გადამიხადო, ეს ხომ აბსურდულია.
„ქართული ოცნება“ რომ ხაზს უსვამს პრაგმატულსა და გონივრულ პოლიტიკაზე, ამაში ის გულისხმობს ყველაფრის დათმობას. „ოცნება“ ამბობს, რომ ყველაფერი დავთმოთ, კაპიტულაცია გამოვაცხადოთ და ვნახოთ, გეოპოლიტიკა საით წაგვიყვანს.
დღეს პაპუაშვილის განცხადებას ვუსმენდი, ევროკავშირს უსაყვედურა, რომ ტერმინი ოკუპაცია არ გაქვთ დამკვიდრებულიო. კობახიძეს კი არ საყვედურობს, რომ კაცი მმართველი პარტიის ე.წ. თავმჯდომარეა ამდენი ხანი და საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი, რათა საკუთარი თვალით ენაზა, რა ხდება იქ. ეს ამორალურობაა.
ამდენად, „ოცნების“ პოლიტიკა არა პრაგმატული, არამედ არაპრაგმატულია.
მოლდოვა რატომ არის წარმატებული? რა, ეს ქვეყანა ოკუპირებული არ არის? დნესტრისპირეთში სამხედრო ბაზა არ აქვს? რატომ არის ჩვენზე ორი ნაბიჯით წინ? თანაც, მოლდოვის მოსახლეობის 45% ჯერ კიდევ პრორუსულია. ამის მიუხედავად, მაია სანდუ ახერხებს ჭკვიანური პოლიტიკის გატარებას და ჩემპიონია ჩვენს სამეულში.
საქართველოს კი ეს პრობლემა არ აქვს. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლურად არის განწყობილი. იცით, გეოპოლიტიკურად „ოცნების“ რიტორიკა რას ჰგავს? აი, სამხრეთ კორეა რომ გამოდიოდეს და ამბობდეს ყოველდღე, რომ ჩრდილოეთ კორეა გვემუქრება ატომური იარაღის გამოყენებით. დააკვირდით, დღეს სამხრეთ კორეა ტექნოლოგიურად რა დონეზეა და რომელი სახელმწიფოების გვერდით დგას და მერე ვნახოთ, სად არის საქართველო.
პრაგმატულობა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ჭკვიანი უნდა იყო. რა თქმა უნდა, შენ უნდა იყო ფრთხილი, მაგრამ შენი სტრატეგიული მიზნები, ინტერესები პირველ ადგილას უნდა დააყენო, „ოცნება“ კი აბსოლუტურად საპირისპიროდ იქცევა. [/su_quote]
– განაცხადა კახა ქემოკლიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.