ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ გადატვირთვა სჭირდება, რაც მალე დალაგდებიან, მით უკეთესი“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

ის ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ახალი საპარლამენტო სია აბსოლუტურად ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს და ენმ-ში ბევრი ახალი სახე უნდა გამოჩნდეს.

„ახალი სახეებით სია დააკომპლექტა “ქართულმა ოცნებამ”. ძველი სახე, ვინც “ქართული ოცნების” პირველ ტალღაში იყო, აქ არის ერთადერთი ვოლსკი. ვოლსკის გარდა, 99 პროცენტი არის ახალი სახე და მათი მოვალეობაა ღილაკზე ხელის დაჭერა და საშინელი გადაწყვეტილებების მიღება. “ქართული ოცნების” სია რომ წარმოჩინდა, გაგვიკვირდა, რა კარგი დიპლომები ჰქონდათ, მაგრამ დიპლომები არ ყოფილა საკმარისი, აუცილებელი ამავე დროს ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილება. პოლიტიკური ფიგურები არ იბადებიან ერთ და ორ წელიწადში, ამ ბოლო 5 წელში რომელი ახალი პოლიტიკური ფიგურა გაჩნდა მეთქი რომ გკითხოთ, ალბათ, სულ რამდენიმეს თუ ჩამომითვლით. პარტიულ ცხოვრებას აქვს თავის წესები, უნდა გაიარონ პარტიული სკოლა, მოხვდნენ საკრებულოებში, შიდაპარტიულ კონკურენციას გაუძლონ და ა.შ. ამიტომ ჩამოწერო ახლა სია და ჩაწერო ლამაზი სახელი და გვარები, ეს იმ პრობლემას ვერ გადაჭრის, რაც არის ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში.” პარტიაში არის რთული პროცესი, ეს რყევები არ დამთავრებულა. მომავალში ალბათ, პარტია კვლავ შუაზე გაიყოფა და მელია შექმნის ალბათ თავის ჯგუფთან ერთად ახალ პარტიას. ასე რომ, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პრობლემა ახლა არ არის სია, მათი მთავარი პრობლემა არის პარტიის დასტაბილურება და რეალურად მომზადება შემდეგი არჩევნებისთვის. პარტია არის ძალიან დასუსტებული მას შემდეგ, რაც დაიწყო ის პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ. “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ახლა იმ ფორმაში, როგორშიც იყო მანამდე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, “ნაციონალურ მოძრაობაში” არ არის წინა მოწვევის ფრაქციის თავმჯდომარე ანუ მე და ამ მოწვევის ფრაქციის თავმჯდომარე ანუ – ხატია, კიდევ ძალიან ბევრი არ არის და რა მოხდება კიდევ, არავინ იცის. “ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ერთი დიდი გადატვირთვა და რაც უფრო მალე დალაგდებიან, უკეთესია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე კოალიცია ვერ შეიქმნება”, – განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....