პროკურატურამ, „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე, საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.
განცხადებაში წერია, რომ მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. გუშინ სამივე მათგანი დააკავეს.

